Monday, July 19, 2010

XX საუკუნის ადამიანი


Hermann Gmeiner
(1919-1986)
 დოქტორი ჰერმან გმაინერი დაიბადა 1919 წლის 23 ივნისს ავსტრიის ტიროლის პატარა სოფელ ალბერშვენდეში მრავალშვილიანი, უბრალო მთიელი გლეხის ოჯახში. დედა მან ადრე დაჰკარგა. ოჯახზე და უმცროს და-ძმაზე ზრუნვა მისმა 16 წლის დამ – ელზემ იკისრა. სწორედ ელზესაგან ჩაენერგა ჰ.გმაინერს SOS სოფლების შექმნის იდეა. ჰერმანი ნიჭიერი ბავშვი იყო და დაიმსახურა სტიპენდია გიმნაზიაში სწავლის გასაგრძელებლად, ხოლო შემდგომ სამედიცინო განათლება მიიღო.
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჰერმან გმაინერმა საკუთარი თვალით ნახა ახალგაზრდა თაობისა და ლტოლვილების გაჭირვება: არ იყო გარჩევა კარგისა და ცუდისა, ოჯახის გარეშე დარჩენილ ახალგაზრდებში არაჯანსაღი კლიმატი სუფევდა, გაუფასურდა სულიერი ღირებულებები. ჰერმან გმაინერი ამ სიტუაციას მტკივნეულად განიცდიდა, რადგან თავად ჰქონდა გამოცდილი ომის გასაჭირი, როდესაც უბრალო ჯარისკაცად იბრძოდა აღმოსავლეთის ფრონტზე.
   პირველი ბავშვთა
სოფელი იმსტში (1949 წ.)
ჰერმან გმაინერმა 600 ავსტრიული შილინგით, რაც 40 აშშ დოლარია, 1949 წელს შექმნა ბავშვთა სოფლების ასოციაცია და ამავე წელს საფუძველი ჩაუყარა პირველ ბავშვთა სოფელს ავსტრიის პატარა ქალაქ იმსტში, რომელსაც საოჯახო ფერმას უწოდებდნენ და რომლის დირექტორი თვითონვე იყო. ამის შემდგომ ის ხელმძღვანელობდა ასეთივე სოფლების მშენებლობას ევროპის სხვა ქვეყნებში. ჰერმან გმაინერი დიდ დროსა და ყურადღებას უთმობდა ბავშვებზე ზრუნვას, ამიტომ იძულებული გახდა საექიმო პრაქტიკა მიეტოვებინა. ის იმდენად შთანთქმული იყო ბავშვებზე ზრუნვით, რომ მისი დანარჩენი ბიოგრაფია, როგორც SOS სოფლების ისტორია იმგვარად იკითხება.
1960 წელს სტრასბურგში ასოციაცია „ბავშვთა სოფელი“ აღიარებული იქნა SOS ბავშვთა სოფლების ოფიციალურ წარმომადგენლად, ხოლო ჰერმან გმაინერი არჩეული იქნა მის პირველ პრეზიდენტად.
ჰერმან გმაინერი კორეაში
(1963 წ.)
1963 წელს ჰერმან გმაინერი კორეიაში მიიწვია კათოლიკე მისიონერმა ქალმა - მარია ჰეისენბერგმა, რათა მას თავად ენახა თუ რა მძიმე სიტუაციაში იყვნენ ბავშვები. ერთ საღამოს მათთან შემთხვევით კორეელი ბიჭი მივიდა. ისინი ხელებით ელაპარაკებოდნენ ერთმანეთს, რამაც სუყველანი გაართო და გაამხიარულა. ბიჭი დაანაყრეს. საღამოს წასვლის წინ მან ჯიბიდან ბრინჯის მარცვლები ამოიღო და მაგიდაზე დააწყო, თავად კი გაუჩინარდა. ამ შემთხვევის გამო ჰერმან გმაინერს დაებადა იდეა მთელ მსოფლიოში მოეკრიბა დახმარება ბავშვებისათვის. ასე ჩაეყარა საფუძველი მოძრაობას - “ბრინჯის მარცვალი 1 დოლარად“. ჰერმან გმაინერის ხელმძღვანელობით დაიწყო სახსრების მოგროვება მთელ მსოფლიოში SOS ბავშვთა სოფლების შესაქმნელად. სწორედ კორეაში აშენდა პირველი ბავშვთა სოფელი ევროპის გარეთ.
1963 წელს დაიწყო ბავშვთა სოფლების მშენებლობა განვითარებად ქვეყნებში; 1964 წელს შეიქმნა SOS სოფლების მსოფლიო გაერთიანება, რომლის პრეზიდენტიც 1985 წლამდე ჰერმან გმაინერი იყო. ამავე 1985 წელს მისი რეკომენდაციით პრეზიდენტად არჩეული იქნა SOS ბავშვთა სოფლის პირველი თაობის წარმომადგენელი ბ-ნი ჰელმუტ კუტინი. თავად ჰერმან გმაინერი 1 წლის შემდეგ, 1986 წლის 26 აპრილს გარდაიცვალა. ის აღიარებულია XX საუკუნის ადამიანად...

წყარო: „ჰერმან გმაინერის ცხოვრება“ (საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი)
                CURRICULUM VITAE Hermann Gmeiner, founder of SOS Children's Villages

No comments:

Post a Comment